აფხაზი გოგოს დღიური

ეს ქართულად დაწერილი “რვეული”, რომელსაც ავტორისეული სტილისა და საერთოდ, ჩანაწერის თავისთავადობით შენარჩუნებით ვაცნობთ მკითხველს, ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე, საკენში, იპოვა სვანმა გოგონამ ნანა სიდიანმა. ჩვენ ყვერლაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანამ გაიგოს ამ “უცნობი გოგონას” ამბავი, ვინაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც მასთან ერთად დაიღუპნენ, და ამით ერთგვარ ხარკს გავიღებთ 18 წლის უმანკო აფხაზი გოგონას წინაშე იმ სიკეთისათვის, რომელსაც ასე უხვად გასცემდა იგი.
ტრაგედია უცნობი გოგონასი, რომელმაც დაგვიტოვა ეს “დღიური”, თანაბრად განეკუთვნება როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს…

,,ო!ღმერთო, ისმინე ვედრება ჩემი!”
ოი,უფალო ღმერთო, მამაოჩვენო ზეციურო, პატრონო,მწყემსო ყოველთა მიწიერთა! რა შეგცოდა მოდგმამ კაცთამან ეგეთი, რომ გახადე ერთამანეთისა სისიხლის მსმელად და ხორცის მჭამელად?!რა შეგცოდე, ღმერთო, მე უბედურმან ასეთი, რომა ერთმანეთის ხელით დამიხოცო უნდა ჩემი საყვარელი ძმა ნიკო და თემური.
შურა-დედა და ჩემი მშობელი დედა ერთად გაზრდილან.გათხოვებაც ერთ კუთხეში გადაუწყვეტიათ.მე და ჩემი ძუძუმტე ნიკო ერთ კვირაში დავიბადეთ.ერთი თვისაც არ ვყოფილვარ,როცა უფალმა წამართვა დედაც და მამაც, მე და ჩემი უფროსი ძმა თემური დავრჩით ობლად.მამა შახტების აფეთქებაში მოყვა, დედა მანქანით დაიღუპა. ბიძებს წავუყვანივართ გასაზრდელად.მე და ნიკოს დედა-შურას მკერდი დაძმურად გაგვიყვია.რომ წამოვიზარდეთ, ბიძებს ბევრი უცდიათ ჩემი გადაყვანა, მაგრამ მე იმდენად ვყოფილვარ შეზრდილი ნიკოს და თამუნას,რომ ვერავინ ვერ შეძლო მოეწყვიტა ჩემი გული ამ ოჯახისთვის. ქართულ სკოლაშიც მათი სიყვარულით მოვხვდი. ჩენთან ხშირად დადიოდა თემური და მისი დახმარებით ვეუფლებოდი მშობლიურ ენას.ათი წლის შემდეგ მე უკვე ზემოთ დავიწყე სიარული მათთან და ჩემი სისხლის სითბო და სიტკბო დღითიდღე იგრძნობოდა და იზრდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
მალე მე შევამჩნიე, რომ მეამაყებოდა ჩემი ეროვნება.მომწონდა ჩვენი ერის სიდინჯე და თავდაჭერა,ახალგაზრდებისაგან უფროსების პატივისცემა.მაგრამ მიხაროდა, რომ მე ვითვლებოდი როგორც საქართველოს მოქალაქედ,ისე აფხაზ ქალიშვილად და არ ვიფიქრებდი არასდროს, რომ დღევანდელი დღე მოესწრებოდა ჩემს საამაყო კუთხეს. თვრამეტი წელი ისე გავიდა ჩემი ძიძის ოჯახში, ერთი სიტყვაც არ მახსოსვს ეთქვათ რამე დამამცირებელი აფხაზების მიმართ, პირიქით, ყოველთვის აქებდნენ და ადიდებდნენ ამ ერს.და დღესაც, ღმერთო, შენ დაუბრუნე ის ნდობა და სიყვარული, მსოფლიოს ყოველ კუთხეში საქებ და სადიდებელ ორ პატარა ერს!

14 აგვისტო.
რომ ვიცხოვრო ორი საუკუნე დღეიდან,არასოდეს არ ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან ეს დღე.აქ დაიწყო ჩემი ტანჯვა და წამება.ამ დღეიდან ჩემს სახეს არ დაკარებია ერთი უბრალო ღიმილიც კი.ყოველ ღამე შიშით და ლოცვაში ვათენებ დილას.დილით მუხლ მოყრილი ვევედრები ღმერთს, შეიწყალოს მონა მისი და დაუბრუნოს დაკარგული ბედნიერება.
ნიკო და თამუნა, როგორც ყოველთვის, დღესაც ცდილობენ გამიმხიარულონ გული, მაგრამ ვერაფერს ხდებიან.

28 ნოემბერი.
როგიც იქნა(მოვიცალე),მოვნახე დრო,გამეცნო თქვენთვის ჩემი ვარამი მეუკვე არა ვარ ქართველის ოჯახში.დაუნდობელმა სისხლის ღვრამ დამიკარგა ყველა, არ ვიცი, ცოცხალი არიან თუ არა. ქართველთა ნასროლმა ცეცხლმა შუაღამით წამოგვაგდო საწოლიდან:ღამის წყვდიადიდან და შემზარავი ჯოჯოზეთური წივილ-კივილიდან უცნობი მამაკაცის ხელმა გამიყვანა. მას შემდეგ ჩემი ძიძის ოჯახზე არაფერი ვიცი.ჩემი გადამრჩენი აფხაზი ეროვნების იყო.დღეს მე ხიზნულთა წრეში ვარ.ყოველდღიურ შიშსა და ბომბას შევეჩვიე,ახლობლების დაკარგვას კი – ვერაფრით. ყოველდღე ცრემლით გავყურებ დანგრეულ ჩვენს უბანს, ვათვალიერებ ხალხს,იქნებ თემურის ან ნიკოს მოვკრა თვალი, მაგრამ დღემდე ვერაფერი გამიგია.
დღეს იშვიათი ამბავი მოხდა შტაბში.18 წლის ვაჟმა თავი მოიკლა. მკვდარს ხელში სისხლიანი სურათი ეჭირა. სურათიდან ლამაზი გოგონა იყურებოდა. სურათს რუსულად ეწერა:
“მაპატიე, ეკა, მეტი აღარ შემიძლია”.
გავიგე, ეს ბიჭი ქართველ მეზობელ გოგნაზე იყო შეყვარებული;ახლობლები ყველა გასულ დღეში მიუბარებია მიწისთვის. ზოგიერთმა ისიც კი მოჭორა, მისი შეყვარებული გადამთიელებისგან იყო გაუპატიურებული.
ამ დღეს ხალხში ხშირად ისმოდა წყეული არძიმბას წყევლა. მე კი გულში “ამინს”ვიძახოდი.
საღამოს შატაბში ორი აფხაზი ძმა იქნა დახვრეტილი, რაღაც ამბის გატანა ედებოდა ბრალად. მათი ცოდვით ახლაც ვერ მოვსულვარ გონს. ღმერთო დიდებულო, შენ მოუღე ბოლო ამ ჯოჯოხეთს.ამინ!

29 ნოემბერი.
თამუნა და დედა-შურა დღეს დავიტირე.ნაცნობმა მითხრა მათი დაღუპვის შესახებ. ოო! ღმერთო,შენ შემინახე თემური და ნიკო მშვიდობით,რომ ჩემს ცხოვრებას რაიმე აზრი ჰქონდეს.
ქართველთა მხრიდან შეტევები გრძელდება. ყუმბრის ბათქი უკვე არავის აკვირვებს, არც შიშს გამოხატავს ვინმე.ჩემთვის სულერთია სიკვდილი და სიცოცხლე. ჯიშამოსაწყვეტი გადამთიელების ყოველღამინდელი სიმღერები მიკლავს გულს. აუტანელ ზიზღს მგვრის მათი ხარბი და დაჟინებული მზერა ჩემი დაძონძილი ხალათის მკერდთა საკინძეებზე. ნეტავი დამთავრდებოდეს ან სიკვდილით, ან სიცოცხლით ეს ჯოჯოხეთი!

30 ნოემბერი.
დღე იყო ძალზე შემზარავი. ამ დღეს დაიმარხა 18 აფხაზი მეომარი და ვერტმფრენით გაიგზავნა 13 გადამთიელის ცხედარი. მათ გაგზავნამდე გადამთიელებს 15 ქართველი ტყვე უნდა დაეხვრიტათ. მათ შორის ერთი სვანი ვაჟკაცი, რომელიც სილამაზით ძაან ჰგავს ნიკოს, ჩემი მუდარითა და ბიძაჩემის ავტორიტეტით იქნა გადარჩენილი.მე მუხლმოყრილი ვეხვეწები ბიძაჩემს, არ დაეხვრიტათ ეს მზესავით ვაჟკაცი.ის გადმოიყვანეს ხელ შეკრული.ჯინსის შარვალი და შიშველ მკერდზე ხუჭუჭა თმა, ფართე მხრები და მშვიდი სახე ისე შვენოდა,ვინ შეძლებს ნეტა?! ის გამოდიოდა მშვიდად თითქოსდა დასახვრეტად კი არა,ნადიმზე ეპატიჟებიანო.მან გარშემო მიმოიხედა თითქოს ნაცნობს ეძებსო, და მზერა ჩემზე შეაჩერა.მომეჩვენა შველას ჩემგან ელოდა.გადამთიელებმა მის თვალწინ დახვრიტეს 14 ქართველი.ამ დროს ის ცას შეჰყურებდა, თვალს არიდებდა ამ სანახაობას.დახვრეტილებში ისეთი ახალგაზრდები ერივნენ, რომ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს სადღაც, გულის სიღრმეში მიხაროდა რომ ერთი მაინც გადავარჩინე,სულ თვალწინ მიდგას მისი მშვიდი მზერა,ჩემგან მისი გადარჩენის მიზეზიც სწორედ ეს იყო.ამ მზერამ გააბედინა ჩემს გულს, მეთხოვა მისი გადარჩენა. ნეტავ მომცეს ღმერთმა ის ძალა,უშველო და დავუბრუნო გულუშიშარი ვაჟკაცი თავის ოჯახს!

3 დეკემბერი.

თემურზე და ნოკოზე კვლავ არაფერი ვიცი. ვერ გამიბედია საკუთარი გულისთვის მათზე ცუდის ფიქრი.ოო!ღმერთო შენ დაიფარე ყოველგვარი უბედურებისგან!
ჩემს საზრუნავს დღეს კიდევ ერთი საზრუნავი დაემატა.შტაბში მოიყვანეს 8-9 თვის ბავშვი ქართველის ოჯახიდან, მშობლები და ახლობლები ომის ქარცეცხლს უმსხვერპლია. უფროსებმა ახალგაზრდა ქალებს შესთავაზეს ბავშვის დედობა, ყველამ უარი განაცხადა, ჩვენ ჩვენი გვიჭირსო.
ბავშვი მთელი ძალით გაჰკიოდა, ითხოვდა დედასა და საჭმელს. ქალები ზოგი ზიზღითაც კი შეჰყურებდა ამ საცოდაობას.ზოგი ქალი ტიროდა მისი ცოდვით ახლოს კი არ ეკარებოდა იმის შიშით,ბოლომდის მე არ დამრჩესო, მოსავლელად. ყველამ გაკვირვებით შემომხედა, როცა თვრამეტი წლის გამოუცდელმა ქალიშვილმა ბავშვი გულში ჩავიხუტე.ბიძამაც შავი დღე დამაყენა,მაგრამ მე არ დავიშალე.
უკვე ღამის სამი საათია.პატარა ნიკოს მშვიდათ სძინავს,მე კი ისევ ვლოცულობ:ღმერთო,შენ მანახე ცოცხალი ჩემი ძმა ნიკო და თემური,შენ დაუბრუნე თავის ოჯახს უცნობი ტყვე,სვანი ვაჟკაცი და მომე იმდენი ძალა,გამოვზარდო ჩემი პატარა ნიკო,როგორც გამომზარდა მე ცხონებულმა დედა-შურამ!

4 დეკემბერი.
ჩვენს ქალაქში ბევრი ქართველია დარჩენილი.შიმშილმა შეაწუხა ეს საწყლები.ზოგჯერ ვეხმარები შეძლებისდაგვარად შტაბში მოპარული პურით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
დღეს ქართველ მამაკაცთა ჯგუფმა უფროსს მოაკითხა, შესთავაზეს-პური და იარაღი მოგვეცი და თქვენთან დავდგებითო. მეშტაბეს გაეცინა და უპასუხა:ახლა მშიერი ხართ და ერთგულებას მეფიცებით,გაძღებით,ტყვიას დამიშენთო. ჯგუფს ერთი კაცი გამოეყო და მეშტაბეს უთხრა:გამოგვცადე,ბატონო.და თუ გიღალატებთ, ცოლ-შვილით სად წაგივალთო.მეშტაბეს უფრო გაეცინა და უპასუხა:ის აფხაზი, ვინც აფხაზს ტყვიას ესვრის, არც ქართველის ძმა იქნება და ქართველიც ქართველზე მონადირე ჩემი ერთგული არ იქნებაო. უფროსის პასუხმა ხალხი მოთოკა და დაშლა დაიწყეს.მეშტაბემ შეაჩერა და უთხრა, მოეტანათ სია და დაჰპირდა დახმარებას.გადამთიელები შეეკამათნენ,-დახმარება კი არა,ამოწყვეტა უნდა მაგათო,-განაცხადეს.მეშტაბეს კვლავ გაეცინა და უპასუხა:აფხაზეთში არის შემორჩენილი კუთხე-ები, სადაც ქართველები ინახავენ ჩვენს ხალხს და იმათ მადლზე ჩვენც უნდა დავეხმაროთ ამათო.
აღტაცებული დავრჩი უფროსის პასუხით. იმედი იმისა, რომ კვლავ გაიბმება ამ ერთა შორის სიყვარულისა და ნდობის ქსელი.
ღმერთო,შენ შეუწყვე ამას ხელი!
ამინ!

7 დეკემბერი.
ჩვენი ქალაქის ვარამი დღითიდღე იზრდება.აცივდა,ჩამოთოვა და ომმაც ახლოს მოიწია. ნიკოზე და თემურზე არა ისმის რა, გარდა ჭორისა, თითქოს ნიკომ იარაღს მოჰკიდა ხელი და ფრონტს შეუერთდა. თემურზე კი მეჩვენება, ძიძა მიმალავს რამეს. პატარა ნიკო შეეჩვია თავის ბედსა და ახალ დედას. ჩემს ცხოვრებასაც გაუჩნდა ერთი მიზანი:მე უკვე დედა ვარ და სიკვდილის უფლება არ მაქვს, სანამ ნიკოს არ მონახავს ნამდვილი დედა(თუ უფალმა ინება!). პატარა ნიკოს სიყვარულმა ოდნავ შემიმსუბუქა ჩემი უბედურება. ყველას უკვირს ჩემი სიმარჯვე ბავშვის მიმართ და ზოგიერთი მეხმარება კიდეც.
გადამთიელებმა ტყვეები მოყარეს.მათში 13 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონაც ერია. ბიჭუნა ტიროდა, გოგონა ცდილობდა დაემშვიდებინა, თვითონ კი იცრემლებოდა. ერთი, ეშმაკის მსგავსი გადამთიელი, რომელიც ქალების ტილად ითვლებოდა შტაბში, თვალს არ აშორებდა მათ. გოგონას ბავშურ სახეს ქალწულობის იერი გადაჰკროდა. გადამთიელმა მახინჯმა თავის ბიჭებს გადაულაპარაკა.ბიჭებმა ბავშვები მახინჯის ოთახში შეიყვანეს, ტყვეები კი ორმოში ჩაამწყვდიეს. ბიძასთან ხვეწნამ რომ არ გაჭრა, გადამთიელის კარი აცრემლებულმა შევანგრიე. გულამოსკვნით მტირალ გოგონას მახინჯი ხელებით უალერსებდა, ბიჭუნა კუთხეში ზურგით იჯდა და შეშინებული სლუკუნებდა.
-მხეცო!-ვუყვირე მახინჯს და გოგოს ხელი მოვკიდე, რომ ოთახიდან გამომეყვანა.
გადამთიელი ცალი ხელით მწვდა, მისკენ მიმიზიდა. კბენით გავუსხლტი ხელიდან და თავში სკამი დავუშვი. მხეცის თვალებში ცოფმა ამოხეთქა. არ ვიცი, რითი დამთავრდებოდა ეს ყოველივე, უცებ კარში მასიკი რომ არ შემოსულიყო, რომელიც შტაბში გამოირჩეოდა თავისი გულკეთილობით და გულადობით.
მახინჯი გადამთიელი მიხვდა, ფეხზე შეყენებულ თოფთან ხუმრობა არ გაუვიდოდა ბრაზი ნერწყვით გადაყლაპა.ბავშვები ჩემთან გადავიყვანე და ბიძა დავითანხმე გათავისუფლებაზე. ღამით მახინჯმა და მასიკმა იჩხუბეს,რასაც ბუნტი მოჰყვა და შტაბის უფროსმა ძლივს შეაჩერა შიგნით ომი.

9 დეკემბერი.
პატარა ნიკოს მომავალმა ბიძაჩემი შეაფიქრიანა; დღე-ღამე იმას ჩამჩიჩინებს,გადავფრინდე ვერტმფრენით ნათესავებთან, ადლერში, მაგრამ მტკიცე უარზე ვარ, სულ იმის შიშში ვარ, იქნებ ნიკო მოიყვანოონ ტყვედ.შიშით ვერ გადამიწყვეტია წასვლა.
ამ დღეს შტაბში გლოვაა გამოცხადებული გუდაუთიდან ცუდი ცნობების შედეგად. ამას ისიც დაემატა, რომ ბესლახუბის ფრონტიდან სამი ცხედარი მოასვენეს. პირველი მახინჯი გადამთიელისა იყო, მეორე-უცნობის, მესამეს ზეწარი უფროსმა ხელის კანკალით გადახადა, რომ ყველას დაენახა; ეს კეთილი მასიკისა იყო; ვიტირე მაგრად. მიყვარდა ეს ვაჟკაცი, როგორც ძმა. ღმერთო, შენ შეუნდე საწყალს თუ რამე ცუდი ჩაუდენია თავის ცხოვრებაში, შენ მიიღე, უფალო, მისი წმინდა სული. ამინ!..
ხალხში ლაპარაკსაც მოვკარი ყური, თითქოსდა მასიკი მახინჯმა გადამთიელმა მოკლა, გადამთიელი კიდევ-მასიკმა, სანამ სისხლისგან დაიცლებოდა, მაგრამ ამის აღიარებას უფროსობა ერიდებოდა.

13 დეკემბერი.
დილიდან წვიმიანი ამინდი იდგა მთელი ღამე გასაფრენად ვემზადებოდი. ბავშვი დავაძინე და მოსაღამოვდა კოდეც. ლოცვა რომ მოვამთავრე, ნიკოს მივუწექი, რომ ალერსში ჩემი თავი დამვიწყდებოდა. ტანზე არ გამიხდია, რადგან თემურს ველოდებოდი. კარზე ფრთხილი კაკუნი შემომესმა. ფეხაკრეფით გავაღე კარი. თემურის უკან ორი ვინმე დავლანდე. ოო! ღმერთო, დაილოცოს განგება შენი! ბედნიერი ვარ შენი წყალობით, ჩემს სიხარულს საზღვარი არ გააჩნია, დღეს ჩემს გვერდით არიან ჩემი ნიკო და თამუნა, ჩემი თემური და პატარა ნიკო. დედა-შურას სიკვდილი მართლა გამოდგა, მამის შესახებ კი არაფერი იცოდნენ.სანამ ნიკოსა და თამუნას ჩემს პატარა ნიკოს გავაცნობდი, თემურმა ბიძისაგან კიდევ ერთი სიხარული მოიტანა:ხვალ ადლერში ყველა ერთად გავფრინდებოდით, ხუთივე,და ვიცხოვრებდით ხიზანთათვის გამოყოფილ ბინებში, სანამ ომის ქარიშხალი არ ჩადგებოდა.
გვიან ღამე დავწერე ეს ყოველივ.უკვე ყველას ძინავს, ჩემს გარდა. მე ძილი არ მეკარება, ბედნიერებამ გამომაფხიზლა. ღმერთო, მადროვე და არ წამართვა ეს ბედნიერება!თემურს და ნიკოს ერთმანეთს ჩახუტებულებს სძინავთ თემურის საწოლზე. ღმერთო! ასეთი ჩახუტებული მანახე ჩემი საქართველო და აფხაზეთი. თამუნა პატარა ნიკოს ჩახუტებია.ახლა დავუვლი ყველას, გადავკოცნი მათ და მეც ბედნიერი დავიძინებ თამუნასა და პატარა ნიკოს გვერდით. გმადლობთ, უფალო, ამ ბედნიერებისათვის.არ მოუშალო ყველა მართალ კაცს ასეთი სიხარული! ხვალ საღამოს ადლერში ვიქნები და მოწყვეტილი ვიქნები ამ ყოველდღიურ ჯოჯოხეთს.
გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ იმ სვან ჭაბუკს ვერაფრით ვერ დავეხმარე. ახალგაზრდა და-ძმა კი დაჭრილ აფხაზ ბიჭებში გაცვალეს. ბიძიას ბევრი ვეხვეწე, იმ სვანს დახმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მითხრა, ეს ბიჭი გუდაუთაში გაცვლაზე გვჭირდებაო.

14 დეკემბერი
ვუცდით ვერტმფრენს. ურიცხვი ხალხი ირევა. ემზადებიან გასაფრენად. ზოგს უხარია, ზოგს ეშინია, ზოგს კიდეც ცრემლი მოსდის, ენანებათ ახლობლების მოშორება;მეც ვიცრემლები, რაზე, არ ვფიქრობ, მაგრამ მთავარი საფიქრალი მაინც ჩემი ქალაქის მოშორებაა.
ოო!ღმერთო, გემუდარები და გევედრები 18 წლის აფხაზი ქალიშვილი: შენ შეიბრალე და შეიწყალე ქართველი და აფხაზი ერი, მოსპე ეშმაკი, რომელიც თესავს მათ შორის შუღლს და სიძულვილს, დაუბრუნე ხალხს ის ნდობა და სიყვარული, რაც საუკუნეების მანძილზე უტარებია! აპოვნინე ორთავე მხარეს იმდენი გონიერება, რომ გამოიცნონ ნამდვილი მტერი და მოყვარე! ქართველის სისხლით მოსვრილია დღეს აფხაზი მეომრის ულვაში და აფხაზის სისხლით ფერს იკარგავს ქართველთ სინდისი.
ოო! ღმერთო ჩემო! შენ შეისმინე დედათა კვნესა, ბავშვთა ცოდვისაგან ლამის ატირდეს კავკასიონაი. მამების ოხვრით შექანებულან მთები და ზღვები, ჩადენილ ცოდვას ვერ ჩამორეცხავს დიდი რიონი.
ღმერთო, უფალო, შენ გამიზარდე მე ჩემი ნიკო, შენ დამიტოვე ნიკო ცოცხალი, შენ შემინახე მე ჩემი თემური, სოსო, ვარლამი, თეონა, ლია, ნონა, მადონა, შალვა, ბიძინა, ლელა, ალინა და სხვა მრავალი! შენ დაიფარე დაღუპვისაგან საქართველო და მზე აფხაზეთი!
გამოჩნდა ვერტმფრენიც, ხალხს აჩქარება დაეტყო, აწი ადლერში გავაგრძელებ.
ვარგრძელებ ადგილზე.
ხალხი შეშინებულია. რაკეტა გვესროლესო,- აცხადებს მფრინავი. ბევრმა გადაიფიქრა წასვლა. მეც არ მიწევს გული, მაგრამ ბიძა არ მტოვებს. მგონი სვანი ტყვეც მოჰყავთ. დიახ, ეს ასეა, რამდენიმე ტყვეთა შორის ისიც მოჰყავთ; მალე ჩვენ ერთმანეთის გვერდით აღმოვჩნდებით. გულში თითქოს მიხარია. შენ მიხედე პატარა ნიკოს, უფალო, შენ გვამგზავრე მშვიდობით. ვეცდები ვერტმფრენში სვანის გვერდით მოვხვდე, რომ გავიგო მისი ვინაობა, გვარი უკვე ვიცი ქეთევანისგან, ჩხეტიანია, თავისით ჩაბარებული. დანარჩენს აწი დავამატებ. ღმერთო მშვიდობით გვამგზავრე!
ამინ!..
გადმოცემის თანახმად, ვერტნფრენის კატასტროფამ აქ შეწყვიტა დღიურიცა და აფხაზი გოგონას სიცოცხლეც მაგრამ მისი სიცოცხელე, ფიქრები, ოცნება და ნატვრა ირეკლება ჩემში, შენში, ყველა ჩვენგანში, ვისაც მასავით უყვარს საქართველო, აფხაზეთი და სჯერა მათი ხვალინდელი ერთიანობისა.

Advertisements

2 thoughts on “აფხაზი გოგოს დღიური

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s